უჩინარი ბარიერები – თვალსაჩინო შედეგები

20 Apr 2019 Radio Helping Hand

ახალგაზრდებს ხშირად აკრიტიკებენ პასიურობისა თუ უინიციატივობის გამო. თუმცა გაკრიტიკება უფრო ადვილია, ვიდრე– რაღაცის კეთება. სინამდვილეში კი როცა ახალგაზრდას, მაგალითად, რამე, თუნდაც მარტივი ღონისძიების გამართვა უნდა, ეს გაცილებით მეტ ფარულ ბარიერთანაა დაკავშირებული, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. თუ რა ბარიერებს აწყდებიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი, გოგონები, აქტივიზმის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ 2018 წლის მაისში ორგანიზებულ კონფერენციაზე „გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილე სკოლის მოსწავლე გოგონების გამოცდილების მაგალითზე დავინახავთ. კონფერენციაზე გოგონებმა ისაუბრეს მათ მიერ გამართულ ღონისძიებებზე და რა ბარიერებს გადააწყდნენ დაორგანიზების პროცესში. სწორედ მათი მონაყოლის ნაკრებია ეს ბლოგიც.
 
სკოლაში რამე რომ გააკეთო, პირველ რიგში დირექტორს, სასწავლო ნაწილსა და კლასის დამრიგებელს უნდა შეუთანხმო. როდესაც გოგონები ეუბნებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის/დირექციის წარმომადგენლებს, რომ ბავშვებისთვის რამე დისკუსიის გაკეთება უნდოდათ, ვინმე მომხსენებლის მოწვევა, ტრენინგის ჩატარება ან დებატების მოწყობა, ისინი ხშირად უნდობლობას იღებდნენ ხელმძღვანელობისგან. სკოლის მესვეურებს ხშირად არ ჯეროდათ, რომ უფროსკლასელმა მოსწავლეებმა შეიძლება, რამე საინტერესო ტრენინგი ჩაატარონ ან საჯარო საუბარი ან თუნდაც რამეს ორგანიზება გაუწიონ. ისინი ხომ ბავშვები არიან ჯერ. რა იციან, რა შეუძლიათ. ტრენინგი... ლექცია... ღონისძიება... ადვოკატირება... ეს ხომ სწავლებაა... სწავლება კი მხოლოდ მასწავლებელს, უფროსს, შეუძლია... თანატოლგანმანათლებლობისადმი არასერიოზული დამოკიდებულება სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან კი მაინც უფრო ხშირად ვლინდებოდა. მაშინაც, როცა გოგონებს ღონისძიების ჩასატარებლად ნებართვას აძლევდნენ.
 
მაგრამ ღიად უარყოფით დამოკიდებულებასაც გადაწყდომიან გოგონები ზოგიერთ სკოლაში. განსაკუთრებით თუკი ჩასატარებელი ტრენინგის/საჯარო ლექციის/დისკუსიის თემა გენდერი, ქალთა უფლებები ან რეპროდუქციული ჯანმრთელობა უნდა ყოფილიყო. აღნიშნული საკითხები ბევრი სკოლის თანამშრომლისთვის ჯერკიდევ წარმოადგენს ტაბუს, რაღაც აკრძალულს, საშიშს, არასასურველს. ეს საკითხები ასოცირდება ფემინიზმთან, რომელიც ბევრ ადამიანს საქართველოში სტერეოტიპულად უარყოფითად ესმის, როგორც მამაკაცებზე ქალების უპირატესობის მტკიცება და ქალების გაბატონებისკენ სწრაფვა. ასევე ბევრ ნეგატიურ ემოციასთან და შიშთან იყო დაკავშირებული სკოლების ადმინისტრაციებისთვის, გოგონების აქტივიზმს და მათ მიერ ღონისძიებების გამართვას არასამთავრობო ორგანიზაცია რომ უჭერს მხარს და ეხმარება. სკოლის გადაწყვეტილების მიმღები ზოგიერთი თანამშრომლისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები ასოცირდებოდა „არასწორი“ ღირებულებების გავრცელებასთან ან ხელისუფლების კრიტიკასთან, რაც დაძაბულობას იწვევდა.
 
ზოგჯერ გოგონებს, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, პირდაპირ უარს არ ეუბნებოდნენ, მაგრამ ვლინდებოდა ზოგადი გულგრილობა. მაგალითად, როცა ინიციატივის ავტორები თხოვდნენ ადმინისტრაციას, დახმარებოდნენ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელებაში, მასწავლებლები და დირექცია ხშირად იფარგლებოდა ბავშვებისთვის შემდეგის თქმით: „თქვენი ამხანაგები რაღაც ლექციას ატარებენ ამა და ამ დღეს და თუ გინდათ, მიდით, რა ვიცი...). ინფორმაციას ავრცელებდნენ მშრალად, არ ცდილობდნენ ბავშვების დაინტერესებას. მასწავლებელს კი, როგორც ვიცით, თავისი სიტყვით შეუძლია როგორც ბავშვის დაინტერესება, ისე– დემოტივირებაც.
 
უფროსების მხრიდან მოტივირების სიმცირისა და თანატოლგანმანათლებლობისადმი უნდობლობის პირობებში საკმაოდ ძნელი იყო მოსწავლე ორგანიზატორებისთვის თავიანთი თანასკოლელების მოტივირებაც. თუკი ბავშვები მოახერხებდნენ, ღონისძიება რომელიმე გაკვეთილის ნაცვლად გაემართათ, მაშინ თანასკოლელთა მხრიდან მეტი დაინტერესება იყო. მაგრამ თუკი ღონისძიება გაკვეთილების შემდეგ იგეგმებოდა, რაც უფრო ხშირად ხდებოდა, რადგან სკოლის ადმინისტრაცია არ იძლეოდა გაკვეთილის მათი აზრით „ჩაშლის“, ანუ ჩანაცვლების ნებართვას, დასწრება და აქტიურობა დაბალი იყო. ესეც გასაგებია: სკოლის შემდეგ ბევრი მოსწავლე დადის ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ემზადება კერძო მასწავლებელთან ანდაც უბრალოდ დაღლილად და გადატვირთულად გრძნობს თავს. უფროსებისგანაც რომ ვერ ხედავენ თანატოლგანმანათლებლობისადმი რწმენას, თვითონაც არ ჯერათ, რომ მათს კლასელებს, თანასკოლელებს, ტოლებს რამე ღირებული, საინტერესო და საჭირო ღონისძიების გამართვა შეუძლიათ.
 
და ბოლოს, გამოიკვეთა, რომ თბილისში გაცილებით უფრო ძნელი აღმოჩნდა სკოლაში მოსწავლეების მიერ მოსწავლეებისთვისვე გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების, სოციალურ, გარემოსდაცვისა თუ სხვა მსგავს საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის (მაგალითად, საკრებულოს წევრის ან თანამშრომლის, მერიის თანამშრომლის ან მერის/გამგებლის) მოწვევა, ვიდრე– რეგიონებში. კონფერენციის ფარგლებში მცირე ჯგუფებში მსჯელობისას გოგონებმა რეგიონების თვითმმართველობების აღნიშნული უპირატესობა დაუკავშირეს იმას, რომ თბილისში მოსახლეობა დიდია, შესაბამისად პირადი კონტაქტები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ყველას არ აქვს, მაშინ როცა თბილისს გარეთ, განსაკუთრებით მცირე თემში, ყველა ყველას იცნობს და გაცილებით მეტია მუნიციპალიტეტის თანამშრომლების სიახლოვე მოსახლეობასთან და მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან. აღნიშნული რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის კარგი შესაძლებლობაა, ზემოქმედება მოახდინონ მუნიციპალიტეტზე, თუნდაც მეტი ახალგაზრდული პროგრამების შესამუშავებლად, ახალგაზრდობის ჩართულობის გასაზრდელად.
 
რა თქმა უნდა, კონფერენციის დროს უამრავი დადებითი მაგალითიც მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების თანამშრომლობის, ბავშვებისა და ხელმძღვანელობის თანატოლგანმანათლებლობით დაინტერესებისა და ა.შ. უამრავი სასკოლო შეხვედრა, ტრენინგი, კონფერენცია, პროექტი, დასუფთავების აქცია და დისკუსია წარმატებით გაიმართა, თუმცა ამ ბლოგით იმის თქმა გვინდა, რომ ყოველივე ეს ბარიერების დაძლევის ფასად ხდება, იმ ბარიერებისა, რომლებიც გარე თვალისთვის ხშირად უჩინარია, თუმცა სწორედ ასეთი ღონისძიებებით ხდება ამ ბარიერების საბოლოო აღმოფხვრაც და გოგონების მიერ ამაში ჩადებული შრომა და მცდელობა უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. იმის გააზრება, თუ რა სიძნელეების გადალახვა მოუწიათ, სწორედ ახალგაზრდების აქტიურობისთვის მადლობის სათქმელად გვჭირდება. და რაც უფრო მეტ დისკუსიას, დებატებს, ლექციას, ტრენინგს, სპექტაკლს, დასუფთავების აქციას დააორგანიზებენ ახალგაზრდები, რაც უფრო მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს მოიწვევენ და რაც უფრო ხშირად დაუსვამენ კითხვებს, მით უფრო შეეჩვევიან სკოლები, მასწავლებლები, მშობლები, მუნიციპალიტეტები და მთელი საზოგადოება იმას, რომ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, იყვნენ არა მომავალი არამედ– აწმყოც და მით უფრო მიმღებლები იქნებიან თანატოლგანმანათლებლობისადმი, მოხალისეობისადმი, მით უფრო სერიოზულად აღიქვამენ ახალგაზრდების საქმიანობას. შესაბამისად ნაკლები ბარიერიც იქნება, რადგან შეიქმნება საზოგადოებრივი დაკვეთა ბავშვების აქტივიზმზე, ამისთვის კი გოგონებმა, ბიჭებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა მეტი ისეთი წარმატებული ღონისძიება უნდა ვაკეთოთ, როგორებიც, მაგალითად, “ჰელფინგ ჰენდ”-ის ზემოხსენებული კონფერენციის მონაწილე გოგონებმა.
 
ავტორი - ესმა გუმბერიძე
 
რადიო ჩემი ხმის მოხალისე ჟურნალისტი
 
თბილისი, საქართველო
 
13/08/2018