აქტივისტთა 2 განსხვავებული მიდგომა 1 მიზნისთვის

20 Apr 2019 Radio Helping Hand

შესაძლოა, ვიღაცამ სამოქალაქო აქტივიზმით, კარიერული განვითარების საკითხებითა და სხვათა მოტივაციით დაინტერესებული ადამიანები დაგვადანაშაულოს ორმაგ სტანდარტებში და თქვას: „ხან იმას გაიძახით, რომ ქვეყანაში უთანასწორობა, კორუფცია, ნაცნობ–პატრონობა, ხათრი–ჯამობა, სოციალური უსამართლობა და სისტემური ჩაგვრაა დამკვიდრებული, რომელსაც შედეგად საზოგადოების უიმედო და შესაძლებლობებისგან გამოცლილი ცხოვრება აქვს, ხან კიდევ იმას, რომ წარმატების მიღწევა თუ გვინდა, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კორუფციის, ნაცნობობის, უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და საყოველთაო ჩაგვრის შესახებ არსებულ ჭორებს, რომ ყველაფერს პირდაპირ უნდა შევხედოთ, რომ მხოლოდ ჩვენში ვეძიოთ წარუმატებლობის მიზეზები, რომ გამართლებაც არსებობს და კარგი შემთხვევაც, რომ მრავალი გამხდარა წარმატებული ამ უთანასწორო სისტემაშიც, მრავალს დაუწყია სულ თავიდან და კონკურენტუნარიანი იყო, რომ არ უნდა ვფიქრობდეთ სულ ირგვლივ არსებულ უსამართლობაზე, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, არამედ წინ ვიაროთ. კაცი ვერ გაგიგებთ, როდის რას ამბობთ, რა პოზიციას იჭერთ და რაზე არის ეს დამოკიდებული. იმაზე ხომ არა, იმ წუთში ფულს ვინ გიხდით, გრანტის შესაძლებლობა სად გაჩნდა“.

არადა ზემოთაღწერილი 2 თითქოს ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია სინამდვილეში ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და არ უპირისპირდება, არამედ ერთმანეთს ავსებს და 1 დიდ მიზანს ემსახურება. როცა გამეფებულ სოციალურ უთანასწორობაზე და დემოკრატიისა და გამჭვირვალების ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, ამას ვაკეთებთ ამ საზოგადოებრივ პრობლემათა მიმართ ყურადღების მიქცევის, გადაწყვეტილების მიმღებთა და მოქალაქეთა მხრიდან მათი მნიშვნელობის გააზრების ხელშესაწყობად და სამომავლოდ მათს მოსაგვარებლად და აღმოსაფხვრელად სამუშაოდ. ხოლო როცა ვურჩევთ ახალგაზრდებს, ზედმეტად არ კონცენტრირდნენ გლობალურზე და ყველაფერი მანკიერ სისტემას არ დააბრალონ და ცხოვრება და წინსვლისკენ სწრაფვა განაგრძონ და იმედი არ დაკარგონ, ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ, რეალიზდნენ უკვე დღეს, თუნდაც ამ „მანკიერი“ და არასრულყოფილი სისტემის პირობებში, მის მიუხედავად, რათა დავაკვალიანოთ, თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას და შექმნან საზოგადოებრივი სიკეთე და კეთილდღეობა და არ უცადონ მთელი მათი დღე და მოსწრება ხელისუფლების შეცვლას და მდგომარეობის გამოსწორებას, რადგან ის მაინც ვერ გამოსწორდება მოქალაქეთა ძალისხმევის, მათი თანმიმდევრული ქმედებების გარეშე. ისედაც, , 1 ცნობილი უფლებადამცველი აქტივისტის თქმისა არ იყოს, ადამიანმა თავისი საკუთარი უფლებები ჯერ საკუთარ თავთან, ოჯახში, მეგობრების წინაშე, თანაკლასელების წინაშე უნდა დაიცვას, სანამ ის რეალურად შეძლებს სხვათა უფლებების დაცვას. როგორცკი საზოგადოება დაინახავს, რომ აქტივისტი მართულია ოჯახის წევრების მიერ, მაგალითად, ვერ არის მათგან დამოუკიდებელი, ექცევა მათი გავლენის ქვეშ, რომ ისინი ესარჩლებიან როცა და სადაც საჭიროა და საჭირო არ არის, საზოგადოების თვალში ის კარგავს წონას, ავტორიტეტს. არადა სწორედ საახლობლო წრეშია ხოლმე უფრო ძნელი წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი უფლებების დაცვა.

სისტემის გაკრიტიკებით ხელს ვუწყობთ მის სამომავლო დახვეწას, ხოლო ახალგაზრდების მოტივირებით, რათა ამ სისტემის პირობებშიც მოახერხონ წინსვლა, ვცდილობთ ამ ადამიანებისთვის მდგომარეობის გამოსწორებას უკვე აწმყოშივე. პირველი პოზიცია მიმართულია შედეგის მიღწევისკენ გრძელვადიან, ხოლო მეორე– შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაში. პირველი მიმართულია კარგი შედეგის სახელმწიფო მასშტაბით, ხოლო მეორე– კონკრეტული ადამიანის, ინდივიდის და არამაინცდამაინც მთელი საზოგადოებისთვის, შედეგის მიღწევისკენ.

ერთისმხრივ, თუკი არ მოხდა მუდმივად არსებული სოციალური სისტემის გასაუმჯობესებლად მუშაობა, თუკი მისი დახვეწა შეწყდება, მივიღებთ რეგრესს და სტაგნაციას. ანუ თუ გავჩუმდით, ის აღარ გაუმჯობესდება, აღარ განვითარდება, აღარ წავა წინ. არადა გაუმჯობესებისთვის ყოველთვის არსებობს სივრცე, რადგან ადამიანის მიერ შექმნილი ვერცერთი სისტემა იდეალური ვერ იქნება.

მეორესმხრივ კი ინდივიდისთვის წარმატების მიღწევა და თვითრეალიზება შეუძლებელია რწმენისა და მომავლის იმედის გარეშე, (პრინციპში სოციალური სისტემის გლობალურად გაუმჯობესებაზეც შეუძლებელია მუშაობა ამ იმედის გარეშე). ამიტომაც არის აუცილებელი ინდივიდის მენტორობისას მისი ყურადღების გამახვილება სწორედ იმედისმომცემ, წარმატებულ მაგალითებზე. ამ დროს მენტორები კი არავის არ ატყუებენ ანდა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღებისას აქტივისტები კი არავის ატყუებენ და არც არაფერს არ აზვიადებენ, უბრალოდ ამახვილებენ ყურადღებას ერთი და იგივე რეალობის სხვადასხვა ასპექტებზე. ჩვენ ხომ ყველას უნდა გვესმოდეს ისედაც, რომ არაფერი არ არის არც ცალსახად უიმედო და არც– ცალსახად წარმატების გარანტიის მომცემი. უბრალოდ ამ განსხვავებულ პოზიციათა გამოხატვით 2 სხვადასხვა მხრიდან ხდება მუშაობა ერთსა და იმავე პრობლემაზე ერთი და იგივე მიზნით: გავზარდოთ ადამიანის წარმატების, განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობები და შანსები სახელმწიფოში. ასე რომ დამაბნეველი ამ ორი პოზიციის გამოთქმაში და ერთდროულად მხარდაჭერაში არაფერია.