ტოლჩაგვრა, ანუ ბულინგი

20 Apr 2019 Radio Helping Hand

თანატოლთა მიერი ჩაგვრა/ბულინგი არის ძალადობის ერთ–ერთი მძიმე ფორმა. იმ დროს ხდება, როცა ბავშვობიდან ზრდასრულობისკენ მიმავალი ადამიანი იწყებს ავტორიტეტების ოჯახს გარეთ ძიებას, თანატოლთა შორის. იმათ შორის, ვინც ინტუიტიურად იცის, რომ მასთან ერთად აიღებენ დროთა განმავლობაში კონკრეტული ქვეყნისა და საზოგადოების მესვეურობას. და ის თანატოლები სწორედ ამ დროს როცა იწყებენ შენს ჩაგვრას, ძნელი გადასალახი, დასამარცხებელი გასამკლავებელია ის მწარე გამოცდილება. თანაც ბულინგი მხოლოდ თავში ჩარტყმაში არ გამოიხატება (თუმცა ესეც ხშირია).

ადამიანი სოციალური არსებაა. მას აქვს სხვებთან ყოფნის, თავისი ცხოვრების გაზიარების მოთხოვნილება, მოთხოვნილება, იყოს სასარგებლო სხვებისთვის და მიიღოს სხვებისგან სარგებელი. გარიყვა კი, ადამიანის გამოთიშვა და ჩამოშორება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, გეგმაზომიერი, მიზანმიმართული კედლის აღმართვა ასევეა მისი ჩაგვრის ფორმა. ხშირად ისმის კითხვა: „რატომ არიან ეს ბავშვები ასეთი ბოროტი, სასტიკები და დაუნდობლები? ჩვენ ხომ ეს არ გვისწავლებია? ჩვენ როდის ვართ ან ვიყავით ასეთები“. კი, შეიძლება, მშობლები, მასწავლებლები, უფროსები პირდაპირ არ ეუბნებიან ბავშვს, მიდი, დაარტყი, ჰკა მაგასო. მაგრამ საზოგადოებაში გვაქვს სხვადასხვა ადამიანების შესახებ დომინანტური წარმოდგენები.

იდეალის სტანდარტი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როგორ უნდა ლაპარაკობდეს, იქცეოდეს, იცვამდეს, დადიოდეს, იღებდეს, აღიქვამდეს და რეაგირებდეს ადამიანი ინფორმაციაზე. როგორი უნდა იყოს, მაგალითად, ქალი, მამაკაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი. ტვინში გვაქვს ერთგვარი ყალიბი და ვცდილობთ ადამიანების ამ ყალიბში ჩასმას. და თუ ამ ყალიბს ვინმეს ვერ ვარგებთ, რაღაცნაირად გვგონია, რომ ის მეორეხარისხოვანია, მიუღებელია, შესაბამისად გვაქვს მასზე ზემოდან ყურების უფლება. და კი გვგონია, რომ ჩვენ ამას პატარებს დავუმალავთ, მაგრამ ეს ვერ იმალება. ეს ზიზღი, სიძულვილი, გაღიზიანება, შური, გაბრაზება რაღაც ფორმით გამოიხატება. თუნდაც დამცინავი კომენტარით; თუნდაც შემთხვევითი გამვლელის გალანძღვით: „ეს რას გავს... ფუ... რა ენადაბმულია... რანაირად ლაპარაკობს... ეს რა აცვია... როგორ დადის...“ შეიძლება, უბრალო განმკითხველი მზერაც იყოს საკმარისი. ბავშვები ამაში იზრდებიან. ხვდებიან, რომ უფროსების შექმნილ ყალიბებში ვინც არ ჯდება, მათდამი ნეგატივის გამოხატვა შეიძლება. ნეგატივი კი ადამიანს უგროვდება. ბავშვიც იწყებს ზუსტად იმ ნეგატიური განწყობების გამეორებას, რომლებსაც გარშემო ხვდება. ოღონდ ფიქრობს, რომ უფროსებისგან განსხვავებით ის უფრო თამამია, უფრო გამბედავია, არ ეშინია, პირდაპირ აჯახოს განსაკიცხს თუ რას ფიქრობს მასზე სინამდვილეში საზოგადოება. და ამ განკიცხვას უფროსებისგან განსხვავებით უფრო რადიკალური ფორმებით გამოხატავს. სწორედ ეს არის ტოლჩაგვრა/ბულინგი.

როგორ შეიძლება, მას ვებრძოლოთ? უნდა მოხდეს კონფლიქტის, პრობლემების ნორმალიზება. საზოგადოებამ უნდა გავიაზროთ, რომ პრობლემების, შეცდომების, კონფლიქტის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ მოხერხდება. მთავარია, მათი მოგვარება, გამოსწორება. პრობლემებზე საუბარი და მსჯელობა არ უნდა იყოს რაღაცა სამყაროს აღსასრულის ნიშანი, არამედ უნდა იქცეს სამუშაო ყოველდღიურობად. მაშინ ყველას უფრო გაუადვილდება კიდეც კონფლიქტზე საუბარი და მისი დროული დარეგულირება.

რაც შეეხება ყალიბებს, ისინი ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის იარსებებს. სტერეოტიპი ადამიანური ბუნების ნაწილია. ის აზროვნებისას დროის და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება, მომავალში წინსვლისთვის წინა გამოცდილების გამოყენებაც ხომ ამ სტერეოტიპების ნაწილია. მთავარია, ეს ყალიბები იყოს ნაკლებად ხისტი.

ავტორი: ესმა გუმბერიძე

რადიო ჩემი ხმის მოხალისე ჟურნალისტი

#MyVoice #Volunteer #Journalist