თანაბარი შესაძლებლობა თუ – თანაბარი შედეგი? რიგითი ახალგაზრდასთვის არსებული წინსვლის შანსები

20 Apr 2019 Radio Helping Hand

ამერიკაში მასპინძლებთან რომ ვმსჯელობდით სახელმწიფოს როლზე, ადამიანის ცხოვრებაში მისი ჩარევის მიზანშეწონილ ხარისხზე, (მაგალითად რამდენად მიზანშეწონილია, სახელმწიფო მიწყვიტავდეს, ლამაზია თუ არა ტალავერი, რომლის ამოყვანაც მინდა სახლის სახურავზე) მან თქვა: „მე ვემხრობი თანაბარი შესაძლებლობის და არა – თანაბარი შედეგის იდეოლოგიას. თანაბარ შედეგს კომუნისტები ელოდნენ“. მეც ვეთანხმები ამას ზოგადად. მაგრამ რა არის შესაძლებლობა და რა– შედეგი? საკითხავი ესაა. სად გადის ზღვარი? ერთი სოციალური ფენიდან მეორეში გადასვლა ხომ შესაძლებლობაა. რამდენად შეუძლია, მაგალითად, რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას მსხვილ ქალაქში თავის დამკვიდრება. ავიღოთ ქართული რეალობა. უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა (და სწავლის დროს ეკონომიკურად შეჭირვებული სტუდენტის წინაშე არსებულ სიძნელეებზე უკვე დავწერე ადრე). წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა სასწაული და მან იშოვა სამსახური ყოველთვიური 700 ლარიანი შემოსავლით. ძალიან ბევრი ამას ვერ ახერხებს და 400 ლარიანი ხელფასით იწყებს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ უნარიანი ახალგაზრდაა. სწავლის პერიოდში კარგი გამოცდილებაც დააგროვა სამუშაო, უცხო ენებიც იცის ან/და ფიზიკურად საკმაოდ ღონიერია. წარმოვიდგინოთ, რომ რეგიონიდანაა და მშობლებს მის გარდა 1–2 შვილი კიდევ ყავთ ფეხზე დასაყენებელი ძალიან საშუალო ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. თბილისში თვეში 700 ლარად შეგიძლია, თავი გამოიკვებო, ჩაიცვა, დაიხურო, გადაიხადო ბინის ქირა და კომუნალურები (ძალიან უბრალო ბინისა 300 ლარის ფარგლებში). დიდძალი მომჭირნეობის ფასად, იქნებ, 200–იოდე ლარიც გადაინახო. წელში როგორ გაიმართები ამ პირობებში? რაღაც ხარჯი უნდა შეამცირო. მაგ. თუ საკუთარი საცხოვრებელი გექნება, ქირა გამოირიცხა. უკვე რაღაც სტაბილურობაა. მაგრამ თვეში 200 ლარის გადანახვა თუ შეგიძლია მხოლოდ, ბინას ვერაფრით იყიდი. იპოტეკასაც არ ეყოფა. თვიური 700 ლარიანი შემოსავლით არც მოგცემენ ამხელა სესხს. ე.ი ვიღაც (მაგ. მშობლები) თავდებად უნდა დაგიდგეს. ვთქვათ, ოჯახი არ არის მთლად ვალებში ჩავარდნილი და როგორღაც რამდენიმე ათასი დოლარი შეგიგროვა პირველადი შენატანისთვის. ლარის გაუფასურების პირობებში თვეში გადასახდელი თანხა შეიძლება, მოულოდნელად გაგეზარდოს და ეზრდებათ კიდეც ხშირად. იპოტეკა 15–ოდე წელი მაინც გაგეწელება და თვეში მხოლოდ 200 ლარს თუ გადადებ, მაინც ვერ გაქაჩავ. კიდევ უფრო რეალისტურები რომ ვიყოთ: უნივერსიტეტიდან ბევრი გამოდის უკვე ვალებით. სწავლის გადასახადი, ლეპტოპის კრედიტი... ანუ საშუალო სტატისტიკურმა ახალგაზრდამ ბინის შეძენაზე ფიქრის დაწყებამდე ჯერ ორიოდე წელი უნდა დაკარგოს სამომხმარებლო ვალების გასტუმრებაში. ნათესავიც რომ გყავდეს ქალაქში, 15 წელი სრულიად უფასოდ მასთან ვერ იქნები, თუ ისიც საშუალო ფენიდანაა. რაღაც ხარჯი მაინც გექნება. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველივე ამის მიუხედავად იყიდე იპოტეკით ბინა. ქირისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში თუნდაც ათეულობით წლის შემდეგ ბინა შენი იქნება და შემოსავალი რომ აღარ გქონდეს, ეგრევე ქუჩაში მაინც არ აღმოჩნდები. მაგრამ ეს 15 წელი შემოსავალი არათუ შეიძლება, შეგიმცირდეს ან დაგეკარგოს, არამედ უნდა გაგეზარდოს კიდეც. შესაბამისად სამსახურის დაკარგვა, ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი უთანხმოებები, ყოველგვარი უკმაყოფილება სამუშაო პირობებით (და ისიც ვიცით, რომ 700–800 ლარად თვეში კერძო სექტორში საკმაოდ ინტენსიურად გამუშავებენ) არის ყოვლად დაუშვებელი. ასევე დაუშვებელია ყოველგვარი ავადმყოფობა. ფეხი რომ მოიტეხო, ავარიაში მოყვე ან სხვა გრიპზე მძიმე რამ თუ შეგემთხვა, რამდენიმე თვით თუ დაკარგე შრომისუნარიანობა და რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების მკურნალობა თუ დაგჭირდა, მუყაოთი აგებული ცხოვრება შეიძლება, დაგენგრეს. მითუმეტეს ყოვლადწარმოუდგენელია გადაღლის/გადაწვის, დეპრესიის გამო თუნდაც რამდენიმე თვით მუშაობაზე უარის თქმა, გარემოს შეცვლა, სამსახურიდან წამოსვლა სხვა სამსახურის მოძებნამდე. აღარაფერს ვამბობ, იმ შემთხვევაზე, როცა შენობა, სადაც ბინა იყიდე, უხარისხობის გამო ან დაინგრა, ან აფეთქდა, გაიბზარა. სასამართლოებში სიარული, ადვოკატების თანხები. სამსახურის გაცდენის უფლება კი არ გაქვს, თუ არ გინდა, დაკარგო ან დაწინაურება თუ გინდა. და ყოველივე ეს 1 ან 2 ოთახიანი ბინისთვის. საუბარი არაა, რომ შეიძლება, ოჯახი შექმნა და უფრო დიდი ბინა დაგჭირდეს ან შვილების მოსავლელი ხარჯი დაგემატება ან მშობლები შევლენ ასაკში და მათი დახმარება დაგჭირდება *200 ლარზე თვეში ადამიანი ფიზიკურად ვერ ცხოვრობს). არადა ის 1 ბინა განა რამხელა მობილობაა? +1 საფეხური სოციალურ–ეკონომიკურ კიბეზე მაქსიმუმ.

ავტორი “რადიო ჩემი ხმის” მოხალისე ჟურნალისტი ესმა გუმბერიძე

#FRIDA

გაგრძელება შემდგომ...