ქსენოფობია vs დემოკრატია

21 May 2019 Radio Helping Hand

სიტყვა ქსენოფობია ბერძნულიდან მომდინარეობს და უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს ნიშნავს. ის ასევე განიმარტება, როგორც განსხვავებული ეთნოსის ირაციონალური შიში და მიუღებლობა.
აი, საქართველოში კი მას პატრიოტიზმს ეძახიან. ამ დროს
დემოკრატიული წყობის ქვეყანაში (მიმდინარეობა, რომელიც
ტოლერანტობასა და თანასწორუფლებიანობას ეფუძნება)
რასობრივი, ან სხვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის ადგილი
არ არის. არადა, საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის
სტატუსს ძალიან რომ ვუფრთხილდებით?... მემგონი ჩიხში
ვართ.
"მსოფლიო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ,
რომ უცხო არასწორის სინონიმია" - ამბობს დევიდ ლევითანი.
ეს არ არის რაციონალურ ან ობიექტურ ფაქტებზე
დაფუძნებული გრძნობა. ადამიანები ვერ ხსნიან იმას, რაც ასე
განსხვავდება მათგან, ამიტომაც ეშინიათ. შემდეგ კი იძულებენ,
რადგანაც ეშინიათ.
თუ ქსენოფობია მართლაც
განსხვავებულთა შიშია, 21- ე საუკუნეში მცხოვრებმა
განათლებულმა ადამიანმა უნდა მოახერხოს მისი დაძლევა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს წვდომა
განათლებაზე და ეს საშუალებას აძლევს ხალხს, კარგად
გაეცნოს უცხო აზრს, რწმენასა თუ კულტურას. თუ ხალხი
არ გამოიყენებს ამ პრივილეგიას და დარჩება ქსენოფობიური
აზროვნების მიმდევარი, ეს საბოლოოდ ქვეყნის შიდა
სიმშვიდის დარღვევამდე მიგვიყვანს - მოქალაქეთა შორის
იქნება მუდმივი დაპირისპირებები, იმატებს კრიმინალის
შემთხვევები და დაირღვევა კანონი. ყოველივე ეს ქვეყანას
დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსს დააკარგვინებს...
ყოველივე ეს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს
სტატუსს უკვე აკარგვინებს.
დღესდღეობით გლობალიზაცია
საერთაშორისო და დინამიკური პროცესია. კომუნიკაცია არა
მარტო უწინდელზე სწრაფი, არამედ გაცილებით დიდი
მნიშვნელობის მატარებელი გახდა. ქვეყანა, რომლის
მოსახლეობაც ქსენოფობია, შესაბამისად, უარყოფით
ურთიერთობას ჩამოაყალიბებს დანარჩენ, მისთვის "უცხო"
მსოფლიოსთან. ის, ფაქტობრივად, იზოლირებული გახდება.
დღევანდელობის მაგალითზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სამყაროსგან მოწყვეტილი მხოლოდ ისეთი დიქტატორული
ქვეყნები არიან, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. ფაქტია, რომ
თანამედროვე სახელმწიფოს აღმავლობისთვის სჭირდება
კომუნიკაცია. მისი ეკონომიკა, ცხოვრების პირობები და ა.შ.
ვერ იქნება დაწინაურებული და, ხშირ შემთხვევაში,
დამაკმაყოფილებელიც, თუ იგი არ იქნება გახსნილი
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის ყველა რასასა თუ
კულტურასთან.
დემოკრატიას აქამდე არსებული ყველა
მმართველობის სისტემისგან საუკეთესოდ აღიარებენ, რადგან
იგი ყველაზე მეტადაა კონცენტრირებული მოქალაქეთა
კეთილდღეობაზე. მისი ძირითადი პრინციპი და უმთავრესი
იდეა კი დისკრიმინაციის უარყოფასა და ყველა ადამიანისთვის
თანასწორ უფლებებს ემყარება. ამიტომაც ქვეყანა, რომელშიც
ადამიანს სქესის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის,
სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა რაიმე დამახასიათებელი
ნიშნის გამო არასამართლიანად ეპყრობიან, არღვევს
დემოკრატიული პრინციპის უზენაეს წესებს და ვერც ჩაითვლება
სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
ქსენოფობია, ეს
უცოდინრობისგან მომავალი სიძულვილია, რომელსაც არაფერი
აქვს საერთო ისეთ წმინდა ცნებასთან, როგორიც
პატრიოტიზმია. ამ უსაფუძვლო სიძულვილს მრავალი
ცხოვრების დანგრევა შეუძლია, თუ ამის უფლებას მივცემთ.
იმ ენერგიას, რომელსაც ირაციონალური მიზეზების გამო
ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ, ერთმანეთის გაცნობასა და
მოსმენას რომ ვახმარდეთ, გაცილებით მეტ პრობლემას
აღმოვფხვრიდით და ქვეყანასაც წარმატების გზაზე
დავაყენებდით. ვფიქრობ, დროა, გერბზე წაწერილი
"ძალა ერთობაშია" რეალობაშიც გადმოვიტანოთ.

 

ავტორი: თამარ ბასიაშვილი
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS