ვანდალების მიერ დაზიანებული ხელოვნების ხუთი ნიმუში

21 May 2019 Radio Helping Hand

ხელოვნების უმთავრესი მიზანი მნახველებში დადებითი გრძნობების გააღვივებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანში ხელოვნება სხვაგვარ გრძნობებს წარმოქმნის, რისი ერთერთი მაგალითია ,,სტენდალის სინდრომი’’. ხელოვნების ნიმუშის ხილვის მომენტში სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დისორიენტაცია, ღებინება, ჰალუცინაცია და დროებითი სიგიჟეც კი.
სტენდალის სინდრომის მქონენი არ არიან ერთადერთნი, რომლებზეც ხელოვნებამ იქონია უარყოფითი გავლენა - უამრავმა სასოწარკვეთილმა არტისტმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა სცადა სხვათა ქმნილებების განადგურება.
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებ ხელოვნების 5 ნიმუშზე, რომელიც ვანდალებმა დააზიანეს.
1. ,,მონა ლიზა’’ (ლეონარდო და ვინჩი)
,,მონა ლიზა'' მრავალჯერ გამხდარა ვანდალების მთავარი სამიზნე. ის ორჯერ დააზიანეს. პირველად 1956 წელს, როცა ვანდალმა მჟავა შეასხა ნახატს და მეორედ, როცა უცნობმა პიროვნებამ ქვა ესროლა.
ახლახან, რუსმა ქალბატონმა სცადა ამ ნამუშევრის დაზიანება და ,,ჯოკონდას'' ჭიქა ესროლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. უფლებამოსილმა პირებმა წარსულის შეცდომებზე ისწავლეს - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი ტყვიაგაუმტარი მინით არის დაცული. ჭიქა კი, უბრალოდ გატყდა.
2. ,,ივანე მრისხანე და მისი ვაჟი’’ (ილია რეპინი)
,,ივანე მრისხანე და მისი ვაჟი" რუსეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ეს ნახატი გვიჩვენებს, თუ როგორ ჰყავს თავის მკლავებში მოქცეული მომაკვდავი შვილი სამარცხვინო მეფეს, რომლის სახეზედაც აშკარაა დარდი და უსასოობა. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ივანემ თავად მოკლა შვილი.
2018 წლის მაისში ხელოვნების ნიმუშს ნასვამი დაესხა თავს - მან ლითონის ბოძი აიღო, ჩაამტვრია მინა და ტილოც გახია. საბედნიეროდ, ბოძი ნამუშევრის მთავარ ნაწილს არ შეხებია. ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ რატომ აირჩია ვანდალმა მაინცდამაინც ეს კონკრეტული ტილო გასანადგურებლად.
ეს ნახატზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ხელოვნების ნიმუში 1913 წელს აკუწეს და იგი თავად ილია რეპინმა განაახლა.
3. ,,ღამის გუშაგი’’ (რემბრანდტი)
რემბრანდტმა ,,ღამის გუშაგი" 1642 წელს შექმნა. ნახატზე ასახულია, თუ როგორ მეთვალყურეობენ მეომრები თავიანთ მეთაურებს. ეს ნამუშევარი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი ოსტატობით იყენებდა რემბრანდტი შუქ-ჩრდილის ეფექტს. 1975 წელს, როდესაც შეუფასებელი ქმნილება ამსტერდამის მუზეუმში გამოფინეს, კაცმა დანით დაიწყო მისი დაჭრა. მან ნახატს ათზე მეტი დაზიანება მიაყენა, უმეტესწილად ქვემოთა ნაწილში. ხელოვნების ნიმუში განადგურებას სასწაულებრივად გადაურჩა. კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური აშლილობა უნდა ჰქონოდა, მალევე დააპატიმრეს.
ყველას გასაოცრად, მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ რესტავრაცია სახალხო გალერეაში უნდა განხორციელებულიყო, სადაც ჩვეულებრივ ტილო იყო გამოფენილი. მნახველებს საშუალება ექნებათ იმისა, რომ იხილონ რესტავრაციის პროცესი. ნახატზე მუშაობას დაიწყებენ 2019 წლის ივლისში, მხატვრის 350 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
4. ,,გერნიკა’’ (პაბლო პიკასო)
პაბლო პიკასოს გერნიკა, რომელიც ასახავს ნაცისტების მიერ ქალაქ გერნიკას დაბომბვას ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, თანამედროვე ეპოქის შედევრადაა მიჩნეული. 1974 წელს, თვით პაბლო პიკასომ ჩააბარა ქმნილება ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში".
ამავე წელს ტონი შაფრაზიმ საღებავის სასხურებლით დაწერა სიტყვები : ,,Kill Lies All" ერთი ფუტის სიგრძეზე. ვანდალმა აღშფოთებულ მოწმეებს თავისი სახელი უთხრა (დაუმარცვლა კიდეც), რათა პრესისთვის ეცნობებინათ. როდესაც მას მჰკითხეს, თუ რატომ დააზიანა ნახატი, მან თქვა: ,,მე ხელოვანი ვარ და ჭეშმარიტების თქმა მსურდა".
მუზეუმის მომსახურე პერსონალმა ოთახი დალუქა რესტავრაციის პერიოდში. წარწერა ტილოს დაახლოებით ერთ საათში მოაშორეს ქმნილების დაუზიანებლად.
5. ,,გოგონა ბუშტით’’ (ბენქსი)
2004 წელს საიდუმლოებებით მოცულმა ხელოვანმა ბენქსიმ შექმნა ნახატი, რომელსაც უწოდა ,,გოგონა ბუშტით". ნამუშევარი დახვეწილად მორთულ და უჩვეულოდ მძიმე ჩარჩოში იყო მოქცეული.
ტილო 2018 წლის ოქტომბერში გაიყიდა, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი მისი სქელ ჩარჩოში მოქცევის მიზეზი - ძირში მოთავსებული იყო დამაქუცმაცებული მანქანა.
ნახატის 1.3 მილიონად გაყიდვისას ჩაქუჩის ხმა გაისმა, უეცრად ვიღაცამ შუქი ჩააქრო. შემდგომში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ესწრებოდა ბენქსი აუქციონს. როდესაც ხალხი ტაშს უკრავდა, ნამუშევრის ავტორმა გადამრთველის მეშვეობით ჩარჩოში მოთავსებული მოწყობილობა გააქტიურა. ნახატი ჩარჩოდან ამოვარდა და მისი სამი მესამედი იქვე განადგურდა. ბენქსის ცნობით კი, მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, რადგანაც მას მთლიანად უნდა გაენადგურებინა ქმნილება.
თბილისის 71-ე საჯარო სკოლა