მცოცავი საზღვარი

21 May 2019 Radio Helping Hand

დრო გადის. ვიღაცა ვიღაცას ელაპარაკება, თამაშობენ, უხარიათ, სამსახურში მიიჩქარიან, ეწევიან, თავს იკლავენ, მერე ტკბილად ეძინებათ. ბორდერიზაცია დაიწყო და გრძელდება. მავთულხლართები მოძრაობენ. წინ და წინ მიიწევიან, თავის ადგილს შორდებიან. ამ დროს ვწევართ, დავდივართ, რაღაც გვიხარია, მერე ისევ სამსახურში მიიჩქარიან, მერე ტკბილად ეძინებათ. და რა მოხდა?
დღეს მასმედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც ხშრად ხდება საზღვართან ახლომდებარე სოფლებში: ,,გატაცების მორიგი შემთხვევა. რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს, რომელიც საზღვართან ახლომდებარე საკუთარ ეზოში იმყოფებოდა“. ,,გატაცებული გულადი ხუბუა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია“. ,,მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. 23 წლის ოთარ სამნიაშვილი გაიტაცეს“. ,,ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ზოლთან ძალიან ახლოს რუსი ოკუპანტები პატრულირებდნენ, იქამდე სანამ გაიტაცებდნენ კოდელ მონადირეს“.
დღესდღეობით არქივი ამგვარ მრავალ შემთხვევას ითვლის. ადამიანის უფლებები წლებია ირღვევა. საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში გადმოცემულია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით, ტერიტორიის გასხვისება კი აკრძალულია. რაც შეეხება ადამიანის გატაცებას მისივე ტერიტორიიდან, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, რასაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთა 143-ე მუხლით და მძევლად ხელში ჩაგდება 144-ე მუხლით. მუხლი პირველი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. მუხლ მეორეში კი ცალსახაა, რომ ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, მაგრამ ოკუპანტები ადამიანებს არ ინდობენ და მათ უფლებებს მაინც არღვევენ.
ეს ჩვენი პირველი ბლოგია. ამით გვინდა ჩვენი სათქმელი ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე. გვინდა ვთხოვოთ ბეჭდურ მედიას, რადიოსა თუსატელევიზიო მაუწყებლობას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაშუქდეს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხდება. გვინდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ გაიგოს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ უკანასკნელნი არ ვიქნებით ვისაც რუსეთი შეავიწროვებს. იგი შეეცდება თითქმის ყველა ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და გაძლიერდება. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც ადარდებს თითოეული ადამიანისა და ქვეყნის ბედი და გვინდა ყველაფერი უკეთესობისაკენ შევცვალოთ.
 
სკოლა გრაალი