აზარტული თამაშები

21 May 2019 Radio Helping Hand

აზარტული თამაშები როგორც უფროსების, სამწუხაროდ, ახალგაზრდების პრობლემაც გახდა. თამაშები ხდება ოჯახის დანგრევის, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების და, უარეს შემთხვევაში, სუიციდის მიზეზი.
ჩნდება კითხვა - პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით თვითმკვლელობის სტატისტიკა უფრო მაღალია თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი? პასუხი კი მეტად მარტივია - თვითმკვლელობის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა. ასეთი სახის თამაშები არა მარტო თვითმკვლელობის, არამედ მკვლელობის მიზეზიც ხშირად ხდება.
„აზარტული თამაშები - ოჯახების ტრაგედიაზე აგებული ბიზნესი“ - ასე მოვიხსენიებთ, სტატისტიკის მიხედვით, ბევრი უბედურების მიზეზს. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ტოტალიზატორებისა და კაზინოების წლიურმა ბრუნვამ საქართველოში 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 16%- ით მეტია. ამგვარი სტატისტიკური მონაცემები საშიშ ტენდენციაზე მიუთითებს.
არასრულწლოვანთა შესვლა კაზინოებსა და ტოტალიზატორებში ოფიციალურად აკრძალულია და ისინი მეტ-ნაკლებად იცავენ კანონმდებლობას. თუმცა ვირტუალურ სამყაროში ამგვარი წესები არ მოქმედებს და ონლაინკაზინოებს არავინ აკონტროლებს.
ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამორინეებს შესაბამისი გარემო აქვთ იმისთვის, რომ ადამიანს კონტროლი დააკარგინოს - სამორინე დახურული ადგილია და მასში სინათლე ვერ აღწევს, არცერთ სამორინეში არ არის საათები - ეს ყველაფერი კი ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით დროის შეგრძნებას აკარგვინებს. ეს ძალიან მარტივი და თანაც ეფექტური გათვლაა - მოთამაშე არ ჩერდება იქამდე, სანამ მისი ფინანსური მდგომარეობა მინიმუმს არ მიაღწევს. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, სამორინეების, ტოტალიზატორებისა და მათი ონლაინპლატფორმების ხშირი სტუმრები არასწულწლოვნებიც არიან.
სახელმწიფოში არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევები და არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია სათამაშო ბიზნესში ჩართული და რამდენი ეწევა ამ მავნე სენის პროპაგანდას. თუმცა, ფაქტი ერთია, ყოველწლიურად იზრდება აზარტულ თამაშებში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი.