პროფესიული ორიენტაცია

21 May 2019 Radio Helping Hand

"საკუთარი თავის შეცნობა ყოველგვარი სიბრძნის დასაწყისია"
არისტოტელე
საკუთარი თავის შეცნობით იწყება სამყაროს არსის შემეცნება. ეს არის ცხოვრების მთავარი არსი, რომელიც განაპირობებს წუთისოფლის გზას. ყველაზე რთული რამ არის ეს უკანასკნელი, ვინაიდან შენს ''თვალუწვდომელ ორმოში" - სულში, მიმდინარეობს მუდმივი ჭიდილი, ბრძოლა და პაექრობა საკუთარ "მე"- სთან. იძირები სინათლისა და სიბნელის მარადისობაში და ხანდახან ისე არის აზრები არეული, ვერ ხვდები, რომელი გზა არის უკეთესობისა თუ უარესობისკენ მიმავალი. აქედან გამომდინარე, სხვები იწყებენ უხეშად ხელების "ფათურს", შენს გონებაში და ისედაც საკუთარი თავის შეცნობის ჭიდილით გადაღლილ ტვინზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას. გიბიძგებენ იმისკენ, რაც "ჟუჟუნა" ბებოს სურდა უზრუნველი სიბერისთვის ან "ვაჟა" ბიძიას სასამართლოში სანაცნობო წრის შესაქმნელად. ეს კი არის სათავე ყოველი უბედურებისა, საკუთარი პროფესიული ორიენტაციის შეზღუდვა და არაპროფესიონალიზმის აყვავება. ის, რაც სხვას ჰგონია, რომ შენთვის უკეთესია, ხშირად, უარესი აღმოჩნდება ხოლმე.
ზუსტადაც რომ პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაა თვითშემეცნების ერთერთი მთავარი ასპექტი, რადგანაც პირად საქმეს და პროფესიას უძღვნი მთელ შენს ცხოვრებას. უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან ეს მოიცავს საკუთარი მისწრაფებების, ინტერესების, კომპეტენციების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციებისა და უნარების გააზრებას და მათ შესაბამის სასწავლო პროგრამასა თუ სამუშაო შესაძლებლობასთან დაკავშირებას. ამ საკითხებში გამოსარკვევად პროფესიის მაძიებელს, უმეტეს შემთხვევაში, სჭირდება ისეთი კომპეტენტური ადამიანების დახმარება, როგორებიც პროფკონსულტანტები არიან. პროფკონსულტანტი ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რაც გულისხმობს საკუთარი უნარებში, შესაძლებლობებში, პიროვნულ მახასიათებლებში, ინტერესებში, ღირებულებებსა და ცოდნაში გამორკვევას. ამასთანავე, პროფკონსულტანტი პროფესიის მაძიებლებს აწვდის ინფორმაციას დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აცნობს სხვადასხვა პროფესიას თუ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ აქვს იმის რესურსი, რომ გაიაროს ამგვარი კონსულტანცია. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე - საბაზო საფეხურის დამთავრებისთანავე, სკოლებს უნდა სტუმრობდნენ სპეციალური ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც დაეხმარებიან მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღებაში და მისწრაფებების რეალიზაციაში. სწორი პროფორიენტაციის შერჩევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს მასწავლებლის როლიც. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები, რადგან უამისოდ აზრი არ აქვს პროფესიის შერჩევას. მოზარდისგან პროფესიონალი მაშინ დადგება, როცა მას სიამოვნებას მიანიჭებს არჩეული პროფესია და რაც უფრო ადრე ექნებათ მოსწავლეებს წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე, მით უფრო სახალისო და შედეგიანი იქნება მათი სწავლა.
ჩვენი რეალობა ასეთია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უმრავლესობას არ აქვს არჩეული პროფესია და მათი მიზანი მხოლოდ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაა, მაშინ, როდესაც არის დარგები, რომლებშიც ადამიანური რესურსების დეფიციტია. ახალგაზრდებს თავისი მომავალი პროფესიის, მომავალი საქმიანობის ორიენტაცია არ გააჩნიათ. არ შეიძლება აბარებდე საერთაშორისო ურთიერთობებზე, იურიდიულზე, სამედიცინოსა და ჟურნალისტიკაზე, თუ ეს არ არის მიმზიდავი შენთვის და მხოლოდ იმიტომ გინდოდეს აქ მოხვედრა, რომ "ყველა ამაზე აბარებს". არ უნდა გქონდეს ვიწრო აზროვნება და უნდა იფიქრო, რომ ხუთი წლის შემდეგ საჭირო და მოთხოვნადი იქნება დღეს მიჩქმალული და ჩრდილქვეშ მყოფი პროფესია. არ უნდა "ტეხავდეს" პროფესიულ სასწავლებელში წასვლა და რაიმე ხელობის დაუფლება თუ სკოლაში ვერ სწავლობ. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ მრავლისმომცველი კურსების დაფინანსებას. უნდა შეიცვალოს აგდებული დამოკიდებულება ამ ფაკულტეტებისადმი, რადგანაც ყველანაირი საქმე დასაფასებელია თუ მას ჰყავს ადეკვატური პროფესიონალი.
დავით გურამიშვილი წერდა: "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო". ამ ქვეყნად, ზუსტადაც, რომ ეს მისია აკისრია თითოეულ ჩვენგანს - თვითშემეცნება, ანუ პროფესიონაოლიზმის დასაწყისი და სულიერი სწრაფვის ყველაზე ნათელი გამოვლინება.
 
ბლოგზე მუშაობდნენ თბილისის 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები