როგორ გავხდი ფლექსელი? ანუ ისტორია შიშებზე, ეჭვებსა და მათს დამარცხებაზე

31 May 2019 Radio Helping Hand

გუშინ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის/FLEX–ის ჩემი და იმის წინა წლის კურსდამთავრებულები შევიკრიბეთ. 6 წელია, რაც ეს მართლაც აღსანიშნავი და შესანიშნავი პროგრამა დავასრულე და ამ დასრულებით კურსდამთავრებულის ეტაპი დავიწყე. იმდენი რამ გავიგე იმ 10 თვეში ამერიკაზეც, საერთაშორისო ვითარებაზეც, პოლიტიკაზეც, შშმ პირის უფლებებზე და თვითადვოკატირებაზე, დღემდე რომ ვციტირებ ხშირად იქაურ ადამიანებს და მაგალითად მომყავს იქაური გამოცდილება. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვინ სად არის და რას საქმიანობს; გავიხსენეთ ძველი; გავხსენით 6 წლის წინ ჩამოსვლისას დაწერილი წერილები ჩვენს თავებთან, სადაც ვწერდით, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი ცხოვრება 2 წლის შემდეგ. ჩემი წერილიდან 1 გეგმა არ შევასრულე. პრიორიტეტები შეიცვალა. მაგრამ მაინც როგორ მოვხვდი მე ამ პროგრამაში? ჯერკიდევ 10 წლის რომ ვიყავი, ჩემი სკოლიდან 1 გოგო წავიდა. დედაჩემმა ეს დიდი ამბით მომიყვა, დეტალებში. მე მანამდე სამკურნალო მიზნების გარდა ქვეყნიდან სხვა რამე მიზეზით არ გავსულვარ. ჭკუაში დამიჯდა. ვიფიქრე, სამკურნალოდ წასვლას სასწავლებლად წასვლა ჯობია–მეთქი. როცა მონაწილეობის ასაკს მივაღწიე, ჩემთვის პატივსაცემ ერთ–ერთ მასწავლებელს ვკითხე აზრი. იმან მითხრა, აჯობებს, უნივერსიტეტიდან წახვიდეო. ახლა რას მოგცემს იქ წასვლა? იქ გავლილ საგნებს აქ მაინც არ გიღიარებენ და წელს დაკარგავ; სასკოლო სწავლების ხარისხი იქ მაღალი არ არის; ინგლისური? სუფთა, გამართულ, ბრიტანულ, ინგლისურს იქ ვერ ისწავლიო. დავუჯერე. მერე სხვა მასწავლებელი რამდენს არ მეხვეწა, აღარ მოვინდომე. ბოლოს მე–11 კლასში, ვიფიქრე: ინგლისურით არც ოლიმპიადაზე არ გავსულვარ და არანაირ კონკურსში არ გამომიყენებია და ერთი მივალ მაინც იქ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გადავიდოდი მეორე ტურში. რომ გადავედი, გამიხარდა, ე.ი მთლად ურიგო ინგლისურიც არ უნდა მქონდეს–მეთქი, ვიფიქრე. მე–3 ტურში გადასვლის იმედი აღარ მქონდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა გავიგე, რომ გადავედი! გასაუბრებამ, საბუთების შეგროვებამ, სარეკომენდაციო წერილის მოპოვებამ, სამოტივაციო და მასპინძელი ოჯახისთვის წერილის დაწერამ მომანდომა უკვე წასვლა. შემდეგ იყო ლოდინი. სხვა შესაძლებლობები გამოჩნდა, სხვა რაღაცებში ჩართვის მცდელობებმა ჩამყლაპა. და უარი რომ მომივიდა, დიდად არ შევწუხებულვარ. მაგრამ ზაფხულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ბანაკიდან ბრიტანეთში წასასვლელად არათუ რომ არ ამარჩიეს, არამედ ისიც რომ გაუკვირდათ, ინტერესი რომ მქონდა იქ წასასვლელ კონკურსში ჩავრთულიყავი და მშობლებს ნოტარულად დამოწმებული მინდობილობა რომ მოვატანინე ამ „ავადმყოფმა“, უსინათლო ბავშვმა, იმან რომ გააოგნათ, ძალიან აღმაშფოთა. მთელი გულით მოვინდომე და დავიჩემე, ამერიკაში მაინც წავალ–მეთქი. შემდეგ წელს, როგორც შშმ ბავშვს, დამატებით კიდევ 1 შანსი მქონდა, მე–12 კლასის მოსწავლეს რომ მიმეღო მონაწილეობა. მთელი 3 ტური ვნატრულობდი, ნეტა მე–8 კლასიდანვე დამეწყო მონაწილეობა, ნეტა იმ მასწავლებლისთვის არ დამეჯერებინა, ახლა ხომ მე–5 ჯერზე უკეთესი შანსი მექნებოდა, მეტი გამოცდილება მექნებოდა კონკურსში მონაწილეობის, ვიდრე მეორედ რომ გავდივარ. კუდში დავდევდი იმ გოგოს, პატარა რომ ვიყავი, მაშინ რომ წავიდა ჩვენი სკოლიდან აშშ–ში (იმ დროს ის უკვე ჩვენთან სკოლაში სპეცმასწავლებლად მუშაობდა). მის გამოცდილებაზე ვნადირობდი. სახლშიც კი მივაკითხეთ. ინგლისური ყოველგვარი კერძო მასწავლებლების გარეშე მქონდა ნასწავლი. თან ოჯახშიც არავინ მყავდა ინგლისურის მცოდნე. მე–5 კლასში რომ დავიწყეთ, დედასთან მეცადინეობას რომ ვიყავი სხვა საგნებში შეჩვეული, მარტო მეცადინეობის ძალიან მეშინოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. როცა დავინახე კარგი შედეგები,რომ მქონდა, ვასრულებდი დავალებებს, ქულებსაც კარგს ვიღებდი, მოტივაციაც მომეცა. საბჭოთა დროინდელი სახელმძღვანელოები გვქონდა მხოლოდ ბრაილით და იმით ვსწავლობდით. ერთგან, მაგალითად, შავკანიანის აღსანიშნ სიტყვად „Negro” ეწერა. კიდევ კარგი, ამერიკაში წასვლამდე ვთქვი ეს სიტყვა, ბრიტანეთში რომ გაგვიშვა მაინც განათლების სამინისტრომ 2 კვირიან ინგლისურის შემსწავლელ ზამთრის სკოლაში და იქ რომ გამისწორეს, მეგობრულ გარემოში, თორემ ამერიკაში მეც კულტურული შოკი დამემართებოდა და იმათსაც დავმართებდი მისი ხსენებით. მასწავლებლები ხშირად ხელითაც გვიწერდნენ დავალებებს. ყველასთვის საკმარისი პირების ოდენობა რომ არ იყო ამ ხელნაწერების, დავალებებს, წასაკითხ ტექსტებს ერთმანეთში ვცვლიდით. მახსოვს ის დღე, როცა დამირეკეს. სკოლის შესასვლელთან ვიდექი დედაჩემს ველოდებოდი. სკოლიდან საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავით, სადაც ეროვნული გამოცდებისთვის ვმეცადინეობდი. ბრაილით არსებული ტესტები რომ გათავდა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში, შემდეგ საჯაროს მივაკითხე. იქ უკვე დედაჩემი მიკითხავდა იმ წლების მოსამზადებელ ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილ კრებულებს, რომლებშიც უსინათლო აბიტურიენტი არ ყოფილა. (შესაბამისად არც ის კრებულები დაუბეჭდავთ ბრაილით). დარეკეს, მითხრეს, მიდიხარო. დავემშვიდობე. დედაც მოვიდა. კი ვუთხარი, რომ ამერიკაში მივდიოდი, მაგრამ ეროვნულების ჩაბარება წასვლამდე მაინც გადაწყვეტილი მქონდა წინასწარვე, ამიტომ ბიბლიოთეკაში წასვლაც არ გაუქმებულა. თავიდან მხოლოდ მიხაროდა. მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის თარიღი, მით უფრო მეშინოდა. მეტს ვნერვიულობდი. სად ვისწავლიდი? როგორ? ვინ მატარებდა კლასგარეშე აქტივობებზე? მოხალისეობა რომ მომინდეს და რომ დამჭირდეს, სად უნდა ვიმოხალისევო. ეს კითხვები, მითუმეტეს შშმ პირი როცა ხარ და ქვეყნიდან მარტო, თანაც ამდენი ხნით ნაცნობების გარეშე პირველად რომ გადიხარ, ბუნებრივი და ნორმალურია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცებზე ფიქრობ. ამერიკული საბჭოების მიერ მოწოდებულ ყველა საინფორმაციო მასალას პატიოსნად ვეცნობოდი. რაც რუსულად იყო, დედაჩემი მიკითხავდა, ინგლისურენოვანზე კი ხან ჩვენთან სკოლაში მომუშავე ინგლისურის მცოდნე თანამშრომელს, ხან მოხალისე FLEX–ელ კურსდამთავრებულებს ვთხოვდი. ბოლომდე არ ვიცოდი, რამდენად მოვასწრებდი ეროვნული გამოცდების შედეგების გაგებასა და გასაჩივრებას. რა მოხდებოდა გასაჩივრებაზე, მეშინოდა, რომ საგამოცდო შედეგებისთვის საკმარისად ვეღარ ვიბრძვი, მათ ვეღარ დავიცავ. მამაჩემმა ერთხელ ინტუიტიურად მითხრა, თუ აღარ გინდა წასვლა, ვუთხრათ უარიო. ეს წინადადება კი მხიარულად მოვიშორე თავიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ აეროპორტში ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავში ხელს მკიდებენ და ჩემს ფესვებს მწყვეტენ. მშობლები რომ ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ხვალ რას გააკეთებენ, სად უნდა მივიდნენ, თავს მომაკვდავივით ვგრძნობდი, რომელსაც ამ ქვეყნად დამრჩენთა საუბრები ესმის ხვალინდელ დღეზე და ამით ხვდება, როგორ უღრუბლოდ გაგრძელდება ცხოვრება უიმისოდაც. მამა რომ მემშვიდობებოდა, გადამეხვია და მითხრა: „ჯარში რომ მივდიოდი, დედამ ასე დამარიგა, მთავარია, შენი თავი შენვე ჩამოიტანო შვილოო. და მეც იგივეს გისურვებ“. ხმა ჩაეხლიჩა... სხვათა შორის, თავიდან მამა ჩემი ასე დიდი ხნით და მშობლების გარეშე წასვლის იდეით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ იყო. ალბათ ჩემი სქესიც თამაშობდა ამაში როლს. მაგრამ რომ ხედავდა, დედასაც და მეც როგორ გვიხაროდა და მერე ჩემმა ბიძამაც როგორი სიხარულით თქვა, უნდა მოიაროო მთელი მსოფლიოო, ისიც აგვყვა. რომ ჩავედი, პირველი 3 თვე, დაახლ. 90 დღე საკმაოდ რთული იყო. დაბრუნებაზეც მიფიქრია, ალბათ სხვა მრავალი FLEX–ელის მსგავსად. ვფიქრობდი, რამდენად მიღირდა... გამიმართლა, რომ კარგი და მშვიდი ადამიანები მყავდნენ იქ გვერდით, რომლებმაც მითხრეს, რომ დროსთან ერთად შევეჩვეოდი და ბევრი სირთულე თავისთავადაც გადაილახებოდა, ზოგი ობიექტურად არსებული ბარიერიც აღმოიფხვრებოდა. მახსოვს, ტექსტი რომ მოვისმინე და ვერაფერი რომ ვერ გავიგე. მეორედაც მოვისმინე და ისევ ვერ გავიგე. ამ დროს ტვინს ძაბავ, ცდილობ, ნაცნობი ფრაზები, სიტყვები ამოიცნო. ამ დაძაბვისგან გეძინება. არადა დავალება მქონდა იმ ტექსტის მიხედვით დასაწერი. მესამედაც მოვისმინე. თავს ძალა დავატანე. რაღაც გავიგე. დავწერე ღია კითხვებზე პასუხებიც. 3 თვის თავზე კი ისე ვცხოვრობდი, თითქოს მთელი ცხოვრება მქონდეს ასე გატარებული, იმ ოჯახში, იმ სკოლაში. და როდესაც წასვლის დრო მოვიდა, გამიკვირდა, რა სწრაფად გასულა–მეთქი ეს დრო. სულ ეს იყო–მეთქი, გავიფიქრე გულის დაწყვეტით. დავემშვიდობე ჩემს სკოლას, ოჯახს, ჩემს ოთახს. ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა და სულ ახალი რაღაც იწყება. შემდეგ იყო შეხვედრა 202–ე სკოლის მოსწავლეებთან, რომლის ჩატარებასაც ჯერკიდევ ამერიკაში წასვლამდე წარმოვიდგენდი, რომ ჩამოვალ, უნდა ჩავატარო–მეთქი. იმედი მქონდა, რომ მასწავლებლები და ბავშვების მშობლებიც დაესწრებოდნენ. იმედი გამიცრუვდა, როცა მხოლოდ მოსწავლეები დამხვდნენ და ისიც რამდენიმე სულ. მაგრამ იმ რამდენიმედან მომდევნო წლებში 2 მოსწავლე FLEX–ელიც გახდა, წავიდა და დაბრუნდა კიდეც აშშ–დან. კიდევ რამდენიმემ სცადა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში სულ რაღაც 40–ოდე მოსწავლეა. რა მოვყევი მე ამით? ერთი, რომ „კენწეროში გატკბილდების“; მეორე, რომ სანამ შესაძლებლობაზე უარს ვიტყვით, თუნდაც ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანის რჩევით, კარგად უნდა დავფიქრდეთ. და ბოლოს, მიღწევები მარტო ჩვენ კი არ უნდა შევირგოთ, ისინი სხვებსაც უნდა გადავდოთ. ადამიანის წარმატება ფასდება არა იმით, თუ რამდენს მიაღწევს ის ინდივიდუალურად, მარტო, არამედ იმით, თუ რამდენ მიმღწევს შემოიკრებს ის თავის გარშემო, რამდენს აქცევს მიმღწევად.
ესმა გუმბერიძე,
რადიო ჩემი ხმის მოხალისე ჟურნალისტი, ბლოგერი