სიკეთე და ბოროტება

31 May 2019 Radio Helping Hand

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გარკვეული ცნებების არსი სწორად გაიზრონ და შესაბამისად აღიქვან, რადგან ხილულ, გრძნობად საგნებს შორის, იდეური და გონებითმისაწვდომი სამყარო არსებობს. ადამიანის ზრახვა-სურვილები კი მისკენ უნდა იყოს მიმართული. ამიტომ, გადავწყვიტე უმთავრეს ღირებულებაზე, სიკეთესა და მის მოწინააღმდეგე იდეაზე, ბოროტებაზე მესაუბრა.

სამყაროში იბრძვის ორი ძალა: სიკეთე და ბოროტება, თითოეული მათგანი ადამიანის აზროვნების ნაყოფია.
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სამყარო, სადაც არ არსებობდა ბოროტება. ბოროტება იწყება იქ, სადაც მთავრდება სიკეთე. მას არსი არ გააჩნია, თავისთავად არსებობა არ სძალუძს. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: „შეიქმნა თვალი. ხოლო სიბრმავე წარმოშვა თვალის დაკარგვამ. ასევე, ბოროტება თავისთავად არ ხდება, არამედ დაზიანებული სულისგან გამომდინარე შედეგია“.
როგორ იბადება ბოროტება, თუ მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია? ღმერთმა თავისუფალი ნება და გონება გვიბოძა, რომ ძალდაუტანებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები. ბოროტებაც და სიკეთეც ადამიანის არჩევანია. ამავე არჩევნის საშუალება ჰქონდა ეშმაკს, ადამსა და მათ შემდგომ ყველა ძე ხორციელს.
ქრისტიანულ რელიგიაში, ბოროტება ღვთისაგან გაუცხოებაა, სიკეთე კი - მისი მორჩილება. აგრეთვე, რელიგიას ყოველი ადამიანის მისიად მიაჩნია ნათლით გასხივოხნება საკუთარი არსებისა, სიკეთისთვის მუდმივი მღვიძარება და ამ ღვთაებრივი ნათლით ბნელის განქარვება.
პლატონის აზრით, სიკეთის იდეა ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო და ვარგისი. მისი აზრით, საგნის სიკეთე მდგომარეობს მის მიერ თავისი დანიშნულების შესრულებაში, თავისი ფუნქციის აღსრულებაში. მაგალითისთვის, წამლის სიკეთე იმაშია, რომ ის კურნავს. ამიტომ არის სიკეთის იდეა აუცილებელი პრინციპი. იგი სიკეთეს მზეს ადარებს. ის, რომ მზე სინათლეს ასხივებს, მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რამის დანახვა შეგვიძლია. რომ არა სინათლე, შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. ამასთან, მზე ცოცხალი ადამიანების არსებობის მიზეზიცაა. რეალურად, სიკეთე ყველა ის უანგარო, გულუხვი და მადლიანი ქმედებაა, რომელიც ადამიანებს წრფელ ბედნიერებას ანიჭებს. ბოროტება კი სულმოკლე, უსამართლო და არაჰუმანური საქციელების ერთობლიობას წარმოადგენს.
მაგალითისთვის, ბიბლიიდან კაენისა და აბელის ამბავი მოვიყვანოთ. როგორც იცით, აბელი მეცხვარე იყო, კაენი კი მიწათმოქმედი. მათ არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რის გამოც შესაძლოა ერთმანეთს გადაკიდებოდნენ. აგრეთვე, ზუსტად თანაბარი მისადგომი ჰქონდათ ღმერთთან. აბელს არანაირი პრივილეგია არ გააჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ძმები იყვნენ. თუ ამ ფაქტებს გავითვალისწინებთ, კაენს მიზეზი არ ჰქონდა, იმ დონეზე გაბოროტებულიყო, რომ ძმის მოკვლის სურვილი გასჩენოდა. მაგრამ, ბოროტებას ხომ მიზეზი არ სჭირდება და დიდი ირონიაა!
ხანდახან, სიკეთე თავად ადამიანია. პირველად, როდესაც კალკუტის ქუჩაზე მომაკვდავი, ძონძებში გახვეული ქალი დაინახა, ვერ მიუახლოვდა, შეეშინდა და ზიზღის გრძობაც კი გაუჩნდა. ამის შემდეგ წავიდა, ილოცა და შესთხოვა იესოს, რომ მიეცა მისთვის ძალა - დახმარებოდა ასეთ უბედურ დღეში ჩავარდნილ ადამიანებს. გავიდა დრო და დედა ტერეზე კეთრიანებს საკუთარი ხელით ჰბანდა, შუბლზე კოცნიდა ინფექციური დაავადებებით დასნეულებულ ადამიანებს და სულ იმეორებდა, რომ მან ეს ისწავლა, რადგან ამის სურვილი ჰქონდა. მისი თქმით,“ გიყვარდეს ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორც ისუნთქო და იცხოვრო, ყოველ დღე, ბოლო წუთამდე...“
სიკეთის კეთება ბუნების განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან სამყარო მის გარეშე ვერც იარსებებდა, ხოლო მისი მარცვალი თითოეულ ადამიანში მოიძებნება. ხანდახან, ერთ კეთილ სიტყვასაც შეუძლია, ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, ამიტომ „არასდროს გადადო სიკეთის კეთება ხვალისთვის, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“.
 
მარიამ ჯიქია
თბილისის 23-ე საჯარო სკოლა