რაზე ვიფიქროთ უძილობისას, როცა ცხვრების დათვლა არ შველის.

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ოდესმე გიფიქრიათ, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან პიროვნული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვასა და საზოგადოებასთან ზნეობრივ შეთანხმებას? ნუთუ პირველი ჩენი თვითმიზანია, მეორე კი გვაფერხებს ამ მიზნის მიღწევაში? მართლაც, ერთი შეხედვით ეს ორი ცნება ვერ დაძმობილდებოდა. მაგრამ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, ძილი კი ჯერ არ მოდის, ამიტომ ვიფიქროთ.
თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლობა და თავისუფლება სოციუმის ყველა წევრისთვის უმთავრესი სურვილი და მიზანია. როცა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეული დეტალები და მოთხოვნილებები დიდი კორპორაციების წინასწარი განზრახვაა; როცა თანამედროვე ნაწარმოებები, ანუ მოსახლეობის სულიერი საზრდო, დღითიდღე მეტად ზედაპირული და ფართო მასებზე მორგებული ხდება, ამგვარ პირობებში პიროვნული ნებისა და აზრის მქონე ინდივიდად დარჩენა მართლაც რომ გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, თვითრეალიზებისკენ ასეთმა სწრაფვამ მეორე უკიდურესობისაკენ შეიძლება მიგვიყვანოს: დავივიწყოთ ჩვენი, როგორც ოჯახის, საზოგადოების წევრის, პასუხისმგებლობები. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა(და არა მარტო) ამის მაგალითია. ხშირად სიტყვა თავისუფლებას აღვიქვამთ, როგორც უფლებას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება. სინამდვილეში, თავის,,უფლება“ საკუთარ თავზე გამარჯვებას ანუ საკუთარი თავის შეცნობას, მოვალეობებისა და სურვილებვის გაცნობიერებას აღნიშნავს.
ამერიკელი პოლიტიკოსი ჰარი ბრაუნი ამბობს: ,, თავისუფლება და პასხისმგებლობა არ არის დაკავშირებული ცნებები. ეს ორი სიტყვა ერთი და იგივე რამაა.“ჩემი აზრით, სწორედ ისაა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ადამიანი, ვისაც შეუძლია პიროვნული ამბიციებისა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის ოქროს შუალედი იპოვოს.
ამრიგად, პიროვნული დამოუკიდებლობა არა თვითმიზანი, არამედ ღირსეული ცხოვრების საშუალებაა. წესით, ცხოვრების სწორი იდეოლოგიის ჩანერგვა თაობებში განათლების სისტემას აკისრია. თუმცა, ამ მხრივ საქართველოში აღსანიშნავი პრობლემებია: სისტემა ორიენტირებულია არა ინდივიდუალურობის, შემოქმედებითობისა და კრეატიული მსჯელობის განვითარებაზე, არამედ უპირატესობას ანიჭებს მოსწავლეებისთვის უზარმაზარი ფაქტობრივი მასალის მიწოდებას. იმ ფაქტობრივი მასალის, რომელსაც მათზე უკეთესად ინახავს და საჭიროების შემთხვევაში, დაბრკოლების გარეშე ავრცელებს კომპიუტერი. თანამედროვე ტექნიკაში მნიშვნელოვანი წინსვლა ფიქსირდება: მალე რობოტები მექანიკურ საქმიანობაში ადამიანებს ჩაანაცვლებენ. რობოტ,,სოფიას“ შესაბამისი ბრძანების აღქმის შემდეგ შეუძლია ხელოვნური ცრემლები დაღვაროს. მაშ, რით განსხვავდება ადამიანი ამ ციფრებისა და ფაქტებისაგან აწყობილი კომპიუტერისგან? იმით, რომ ადამიანს აქვს ემოციები, მორალი, განსჯის და ფიქრის უნარი; უფლება, გააკეთოს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის. სწორედ ჩვენი ნაკლოვანებები და შესაბამისად წარმოქმნილი თვითდახვეწის სურვილი განგვასხვავებს და მაღლა გვაყენებს ტექნიკაზე. ეს პიროვნული თავისუფლებაა.
ჯერ არ გვძინავს? მაშინ გავაგრძელოთ. კაცობრიობამ დიდი გზა გამოიარა პირველყოფილი ხანიდან დღემდე. სიმართლე რომ ითქვას, ცხოველთა სამყაროში ჩვენ არასდროს გვქონდა გადარჩენისთვის აუცილებელი უპირატესობანი. არ გვქონდა სხვა მტაცებლებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური შესაძლებლობანი, ჩვენი ნაშიერი კი სუსტი იყო და გაჩენიდან რამდენიმე წელი დამოუკიდებლად ვერ ცოცხლობდა. მაშ, რამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ პირამიდის თავში გვაქვს დამკვიდრებული ადგილი, როგორც ყველაზე განვითარებულ სახეობას? ანთროპოლოგები ამაზე მუდამ კამათობენ, თუმცა არსებობს ერთი, ყველაზე გავრცელებული ახსნა: ადამიანთა არსება მიიღწვის სოციუმის ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ვპოულობთ, ვიცნობთ და ვიცავთ ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა ჩვენს სიცოცხლეს ამის გამო საფრთხე ემუქრება. ეს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება ერთად ყოფნის, დათმობისა და ზრუნვის შესახებ, რომელიც აღემატება ინსტინქტს. სწორედ ამით დგას(ზოგი) ადამიანი (ზოგ) ცხოველზე მაღლა. ეს კი_ საზოგადოებასთან ზნეობრივი შეთანხმებაა, რომელიც ვერ მიიღწევა პიროვნული თავისუფლების მოპოვების გარეშე.
აი, უკვე თვალები გვეხუჭება, და საბოლოოდ ვასკვნით, რომ ზემოთ ნახსენები ორი ცნება გადაჯაჭვულია და ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. პიროვნული თავისუფლება აუცილებელია, თუმცა მისი მიღება ადამიანის განვითარების ბოლო ეტაპი არ არის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უფლებები, თუმცა ისინი მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. სწორედ მაშინ, როცა შევძლებთ ვიპოვოთ ბალანსი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემას შორის, გავხდებით კიდევაც ჭეშმარიტად თავისუფალნი. ძილი ნებისა.
თამარ ბასიაშვილი