რა არის ბედნიერება?

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ჩემი აზრით, ბედნიერება არის ყველა წვრილმანი აღებული და თავმოყრილი ერთად.

ვიცი, რომ თითოეულ თქვენგანს ბევრჯერ გაგიგიათ ფრაზა “წვრილმანებშია ბედნიერება.” ამ ფრაზაზე ბევრს ეცინება, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ეს მართლაც ასეა.

ასევე ვფიქრობ, ბედნიერება მოკლევადიანია, ის მოდის და მიდის, რომ დავუკვირდეთ მხოლოდ რამოდენიმე წუთით ვგრძნობთ თავს ბედნიერად.

და კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რაშია ბედნიერება?

ვვარაუდობ ამ კითხვაზე ყველა ადამიანს განსხვავებული პასუხი აქვს, მაგრამ ყველაზე გულწრფელ პასუხს ბავშვებისაგან მოვისმენთ, რადგან ისინი მარტივად უყურებენ სამყაროს და თავს ბედნიერად გრძნობენ და რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, ისინი რთულად აღიქვამენ ბედნიერებას და მათთვის ის ძნელი მოსაპოვებელია. ბედნიერებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.

ბევრი ადამიანი ბედნიერებას ხედავს სხვის სიხარულში, ზოგისათვის ბედნიერება ოჯახის კარგად ყოფნაა, სხვისთვის ბევრი მეგობარი, ზოგისთვის, კი გაგეცინებათ და ჭამაა, ზოგისთვის წარმატებაშია ბედნიერება, ზოგისთვის საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაშია, ზოგისთვის სიყვარულშია ბედნიერება და აღარ გავაგრძელებ, რადგან ის უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი ექნება ყოველთვის.

პირადად ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც ვხედავ გარშემომყოფებისაგან წამოსულ სითბოსა და სიყვარულს, როდესაც ვიცი, რომ მენდობიან და სჯერათ ჩემი, ხოლო რაშია ბედნიერება?! ჩემთვის ბედნიერება არის ყველა იმ დეტალში, რაც ღიმილს მგვრის, ხანდახან წარსულზე ფიქრით ვარ ბედნიერი, ხანდახან იმ ადგილას ყოფნით, სადაც დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს, ხანაც უბრალოდ,ერთი შეტყობინებით.

როგორც ვახსენე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ბედნიერებას, ისევე როგორც მე.

მაგალითად ადამიანებისგან ბევრჯერ გამიგია ასეთი ფრაზა “იმ მომენტში ისეთი ბედნიერი ვიყავი...”

ჩემი აზრით, სწორედ იმ მომენტის გახსენების დროსაც იგივენაირად ბედნიერი ხდები, როგორც მაშინ იყავი, პირადად მე ასე ვარ უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბედნიერება მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება.

არ ვიცი, რამდენ თქვენგანს გსმენიათ არისტოტელეს ეს ფრაზა “ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობაა.” ეს მართლაც ასეა,ადამიანი მიზანს იმიტომ ისახავს, რომ შემდგომ, მომავალში იყოს ბედნიერი, სწორედ ასეთმა ადამიანებმა იციან ბედნიერების სრული მნიშვნელობა და მიისწრაფვიან ბედნიერებისაკენ.

საბოლოოდ კი გირჩევთ ჩემო მეგობრებო, რომ ბედნიერება ეძებოთ თქვენ ირგვლივ, დაისახოთ მიზნები, რომ იყოთ ბედნიერები და დამიჯერეთ თქვენი ცხოვრება იმაზე მეტად მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება.